ელიზბარაშვილი მიხეილ არჩილის ძე
ელიზბარაშვილი მიხეილ არჩილის ძე

ელიზბარაშვილი მიხეილ არჩილის ძე (09.IX.1938, თელავი) - ფიზიკოსი, ბირთვული სპექტროსკოპიისა და კოსმოსური სხივების მკვლევარი. დაამთავრა თელავის №5 რუს. საშ. სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1956). მესამე კურსიდან სპეციალობად აირჩია ბირთვული ფიზიკა. უნ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თსუ-ის ბირთვული ფიზიკის კათედრის ბირთვული სპექტროსკოპიის განყ-ბაში — თავდაპირველად ლაბორანტად, მოგვიანებით კი უფრ. მეცნ. თანამშრომლად (1961). ბირთვული ფიზიკის კათედრა დააარსა ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტიდან თსუ-ში ჩამოსულმა უფრ. მეცნ. თანამშრომელმა რ. მეცხვარიშვილმა. მან თბილისში ჩამოიტანა ინ-ტში შექმნილი იმ დროისთვის უნიკალური ხელსაწყო — ორმაგი ფოკუსირების დაბალფონიანი მაგნიტური β-სპექტრომეტრი, რ-ზეც ე. მ.-ს სამეცნ. კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა. სპექტრომეტრის დაბალი ფონი შესაძლებელს ხდიდა რადიოაქტიური ბირთვების დაშლის სქემებში სუსტი გადასვლების აღმოჩენასა და მათი მახასიათებლების მაღალი სიზუსტით შესწავლას. კერძოდ, შესაძლებელი იყო L₁, L₂ და L₃ ქვედონეების ერთმანეთთან ახლოს მდებარე კონვერსიული ხაზების ფარდობითი ინტენსივობებისა და β-სპექტრის სასაზღვრო ენერგიის გაზომვა. მიღებული ექსპერიმენტული მონაცემები მნიშვნელოვანი იყო ატომური ბირთვის სტრუქტურის თეორ. კვლევებისთვის. ე. მ. აქტიურად მონაწილეობდა ბირთვული სპექტროსკოპიისა და ატომური ბირთვის სტრუქტურის საკითხებისადმი მიძღვნილ სამეცნ. კონფერენციებში, რ-ებიც საბჭ. კავშირის სხვადასხვა ქალაქში იმართებოდა. თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოზე დაიცვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატის დისერტაცია თემაზე: „ზოგიერთი რადიოაქტიური ელემენტის დაშლის მახასიათებლების კვლევა დაბალფონიანი β-სპექტრომეტრით“ („Исследование характеристик распада ряда радиоактивных элементов с помощью секторного магнитного бета-спектрометра с малым фоном“, 1981). სადისერტაციო კვლევა მოიცავდა ⁴⁸V, ⁵⁷Fe, ¹³⁴Cs და ¹⁴⁷Nd ბირთვების დაშლის მახასიათებლების შესწავლას. შემდგომში სამეცნ. საქმიანობა გააგრძელა კოსმოსური სხივების ლაბორატორიაში, სადაც თანამშრომლობდა მეცნიერ თანამშრომელ ნ. ხაზარაძესთან. ამ პერიოდში მისი კვლევები შეეხებოდა კოსმ. სხივების მზიურ-სადღეღამისო ვარიაციებს, დედამიწის მიერ საპლანეტათაშორისი მაგნიტური ველის სექტორთა საზღვრებისა და ნეიტრალური ფენის გადაკვეთასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ე. მ. 40-მდე სამეცნ. ნაშრომის თანაავტორია. მისი ნაშრომები ეხება რ-ც ბირთვულ სპექტროსკოპიასა და რადიოაქტიური ბირთვების დაშლის პროცესებს, ისე კოსმოსური სხივების კვლევას. თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს  ნაშრომები სხვადასხვა სამეცნ. ჟურნალებში: ,,Decay of ⁴⁸V” („Распад ⁴⁸V“)“ (Nuclear Physics (Ядерная физика), т. 19, 1974); „Исследование жесткого компонента β-спектра ¹⁴⁷Nd“, (Известия АН СССР, серия физическая, т. 42, №11, 1978); „Исследование отношения коэффициентов внутренней конверсии (КВК) на Lᵢ:Lᵢᵢ:Lᵢᵢᵢ подоболочках γ-переходов ⁵⁷Fe“, (Известия АН СССР, серия физическая, т. 59, №1, 1994); „Исследование электронов внутренней конверсии γ-переходов с энергиями 122 и 136 КэВ в ⁵⁷Fe“, (Ядерная физика, т. 59, №5, 1996); „Исследование γ-переходов при распаде ¹³⁴Cs“, (Ядерная физика, т. 51, вып. 1, 1999); “Anomalous Solar-Diurnal Variations on cosmic rays related to Crossing of the IMF Sector Boundaries by the Earth and the Problem of Earthquakes” („Аномальные солнечно-суточные вариации космических лучей, связанные с пересечением Землей границ секторов межпланетного магнитного поля (ММП) и проблема землетрясений“)“, (Геомагнетизм и аэрономия, vol. 47, №3, pp. 395–398, 2007); „Солнечно-суточные вариации космических лучей (КЛ), связанные с прохождением Земли через нейтральный слой межпланетного магнитного поля“, (Труды Института геофизики им. М. Нодия, 2010).